დღეს, 16 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადისკუსიო კლუბში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან. ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა:
ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა რექტორთან შემდეგნაირად ჟღერდა:
- რატომ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და არ დასაჯეთ ის ადამიანები, ვინც ამა წლის გაზაფხულზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ცემა?
- მომეცით მათი სახელები და გვარები და მე მათ დავსჯი! – უპასუხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
საოცარია, რომ რექტორს იმდენად არ აღელვებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი კრიმინალური ფაქტი, რომ მის გამოსაძიებლად არანაირ ღონისძიებას არ მიმართავს მანამდე, სანამ სტუდენტები არ დაუსახელებენ იმ დამნაშავეთა სახელებს და გვარებს, რომელთა დასჯასაც ბატონი რექტორი თავის დროზე ასეთი რიხით შეგვპირდა.
ან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს იმდენად მცირე შესაძლებლობები აქვს, რომ აქამდე ვერ მოახერხა კომპეტენტური ორგანოებისათვის დაევალებინა უნივერსიტეტში მომხდარი კრიმინალის გამოძიება. კრიმინალის, რომელიც ჩირქს სცხებს უნივერსიტეტის ისედაც დაკნინებულ ავტორიტეტს. ამიტომ იგი სტუდენტებს სთხოვს დახმარებას, რათა ერთობლივი ქმედებებით განიწმინდოს დედა – უნივერსიტეტი კრიმინალებისაგან.
მივმართავ 14 მარტის მოვლენების დროს დაზარალებულ სტუდენტებს: კიდევ ერთხელ შეახსენეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს იმ პიროვნებათა ვინაობა, ვინც მოგაყენათ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. შეახსენეთ მათი სახელები და გვარები, რათა რექტორმა პირნათლად შეასრულოს თავისი პირობა.
შეახსენეთ!

 

კომენტარები:

Leave a Reply

info@studentebi.com